მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული

საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების შენელებულმა ტემპმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

„ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სამიტის კულუარებში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისი თქმით, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები – როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს.“

ამავე საკითხს შეეხო ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრისტიანის კარინსი, რომლის აზრითაც, სამი ქვეყნისთვის კავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალზე იოლია და ევროკავშირმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

ველოდები, რომ ევროკომისიის დასკვნები იქნება წარმოდგენილი ივნისის დასაწყისში და შემდეგ უკვე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მჯერა, არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ სამივე ქვეყანას – უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, – ამის შესახებ ლიეტივის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მწვანე შუქი უნდა აენთოს.

„როგორც იცით, ეს პოლიტიკური პროცესია და ცხადია, პრიორიტეტი არის უკრაინა, სადაც ახლა ომია და ის იცავს ევროპული ღირებულებებს. ხანდახან ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, როგორც ბიუროკრატიულ მოთხოვნებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს. ისინი გვიცავენ ჩვენ და არა მხოლოდ საკუთარ თავს. ამიტომ, ჩვენ ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭება. ჩვენ უნდა ავუნთოთ მათ მწვანე შუქი, რაც ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან ძალიან ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში, რომელსაც ისინი დაასრულებენ ევროკავშირის წევრობით“, – განაცხადა ნაუსედამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს ხომ ორი ომი ჰქონდა რუსეთთან, ნაუსედამ განაცხადა, რომ სწორედ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, შექმნას კონფლიქტი და შემდეგ გაყინოს ის.

„ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, შექმნას კონფლიქტი, შემდეგ გაყინოს ის და შეაჩეროს ქვეყნის პროგრესი. სავარაუდოდ, ეს არის დაბრკოლება. ცხადია, მე შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ ეს დაბრკოლებაა, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, გამოიყენონ ეს გაყინული კონფლიქტები. უკრაინა არის საუკეთესო მაგალითი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ უკრაინა ახლა ომში და რატომ უნდა ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსზე, მათ ხომ ჯერ გამარჯვებას უნდა მიაღწიონ, მაგრამ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი სჭირდება ახლავე, რადგან ეს არის ბრძოლის ჟინის ფაქტორი. მათი ბრძოლის ჟინი დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობაზე და ერთგულებაზე, რომ ეფექტურად დავიცვათ ისინი“, – განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ წელს წარადგინეს ევროკავშირის წევრობის განაცხადები. საქართველომ განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.

ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია კავშირის შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები რუსეთის მიმართ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განიხილება მოსკოვის მიმართ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელშიც, როგორც გამოჟონილი ინფორმაცია მოწმობს, ლაპარაკია რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე. ოღონდ დროებითი გამონაკლისი იქნება დაშვებული ნავთობსადენებით მიწოდებული ნედლი ნავთობისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button