“ხელკეტებით გადმოვიდნენ მანქანიდან”
19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ. გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გრძელდება. ახალი დეტალები კი, ამ ეტაპისთვის, საქმეში კვლავ არ იკვეთება.
შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, ვერსიების გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ნიკოლაძე ადასტურებს ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელკეტების არსებობის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ხელკეტებით მიაყენეს თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები.
ასევე უცნობია, ნაპოვნია თუ არა საქმეში არსებული ხელკეტები გამოძიების მიერ.
“იმავე რეჟიმში ვაგრძელებთ ვერსიების გამოკვლევას. გუშინ ვიყავი საგამოძიებო ორგანოში. ხელმძღვანელობასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა შესაძლო ვერსია. გავცვალეთ ინფორმაცია და ერთმანეთის მოსაზრებები მოვისმინეთ. გადავწყვიტეთ, კიდევ რაღაც კუთხით ვიმუშაოთ. პირველადი დათვალიერებით, ბავშვს აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო ამ დაზიანებების მიზეზი და მიყენების დრო, ანუ სიცოცხლის პერიოდის იყო თუ გარდაცვალების შემდგომი პერიოდის. რაც შეეხება ხელკეტებს, ვიცოდით, რომ ხელკეტებით გადმოვიდნენ მანქანიდან პირები, რომლებიც ერთ-ერთ თანამგზავრს გაუსწორდნენ ფიზიკურად. არ მაქვს საფუძველი, კონკრეტული რამ დავასახელო. ნიმუშები აღებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.” – განაცხადა ფეხბურთელის ბიძამ.
მოისმინეთ მირიან ნიკოლაძის ხმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. გვამს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.