“ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები არ დაემთხვა ერთმანეთს”
ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უღელმძღვანელებს. მან ეს პოსტი თითქმის ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ამიერიდან არხის საინფორმაციო სამსახურთან შეხება არ ექნება. ის ტოქ-შოუს წაიყვანს.
“საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება. გუნდი, რომელთან ერთადაც ტვ პირველში მოსვლის დღიდან ვმუშაობ, ახლა ტოკშოუს მიმართულებას დავუთმობთ მთელ ენერგიას.
“განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ ამ არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას – პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ 2 თვეში შევძელით, რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა. ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები”, – წერილობით განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო ჟიჟილაშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია “პირველის” გენერალურ დირექტორ ინგა გრიგოლიას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი. გრიგოლიას განმარტებით, გადაცემა, რომლის წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი იქნება, კვირაში სამი დღის განმავლობაში გავა ეთერში:
“ნინო იწყებს ახალ გადაცემას. იქნება ძალიან დიდი ტოქ-შოუ, კორონავირუსი გადაივლის და უკვე წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით. ნინო იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარაკევს დიდი გადაცემით და მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს საინფორმაციო სამსახური ჩვენთან ერთად შეიქმნა, გაიზარდა და ჩემთვის ძალიან ორგანულია ეს ყველაფერი”. – განაცხადა გრიგოლიამ.
მისი თქმით, ტელეკომპანიაში დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც, რომლის ფარგლებშიც ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ტელეკომპანია “პირველის” ამჟამინდელი მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე საგამოძიებო სტილის ახალ გადაცემას გაუძღვება. გარდა ამისა, გრიგოლიას თქმით, ის თავად გეგმავს კიდევ ერთი ახალი გადაცემის დაწყებას. მელაძემ “მთავარი არხი” რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
გრიგოლიას განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზეზი შემოდგომის არჩევნებია, რომლისთვისაც განხორციელებულ ცვლილებებს მაყურებელი მაისის შუა რიცხვებიდან იხილავს ტელეკომპანიის ეთერში.
“ნეტგაზეთმა” ინგა გრიგოლიას დამატებით ჰკითხა, თუ ნინო ჟიჟილაშვილს 2 თვის წინაც ჰქონდა საკუთარი გადაცემა და ამ პირობებში ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად მაინც დანიშნეს, რა შეიცვალა ბოლო 2 თვის განმავლობაში, რის გამოც ის ვერ შეძლებდა ამ ორი სამუშაო პოზიციის შეთავსებას.
ინგა გრიგოლიამ გაგვიმეორა, რომ ჟიჟილაშვილის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზი არის არხზე დაგეგმილი ცვლილებები და მის მიერ კვირაში სამჯერ ახალი გადაცემის წაყვანა (მანამდე ერთხელ მიყავდა).