,,ვფიქრობ ჩაფრენაზე,,-აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს თავადაც გაემგზავროს თურქეთში, – რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებებისათვის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დაგეგმილ შეხვედრას “ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, ამ შეხვედრას შეუერთდეს.
“ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე”, – ამბობს ის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს თურქეთში 15 მაისს რუსულ-უკრაინულ შეხვედრას. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში დაწერა.
მანამდე, ცოტა ხნით ადრე ტრამპმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, 15 მაისს თურქეთში ჩავიდეს.
„ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მე მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ – საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიას მისცეს საფუძველი. ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. გულწრფელად ვთქვი, რომ შეხვედრისთვის მზად ვარ. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უკრაინაში უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე. ეს სწორი იდეაა. ბევრის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა: “მე ველოდები პუტინს თურქეთში ხუთშაბათს. პირადად. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები მიზეზებს არ ეძებენ”, – დაწერა მან.
გასულ კვირას აშშ-ის დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სანქციებით დაემუქრა, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.
შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს რამდენიმე ლიდერმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტაზე მზადყოფნა დააფიქსირეს. 15-წუთიანი საუბრისას აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა მზად იქნება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამავე საღამოს პუტინმა ტრამპის მოთხოვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ ეთანხმება, თუმცა მზად არის ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხუთშაბათს, სტამბოლში.
ზელენსკის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეხვედრას დასთანხმდეს:
„თუ ეს მოლაპარაკებები შედგება, უკრაინა შეძლებს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება. თუ არა, ევროპა და აშშ გაარკვევენ, როგორ იმოქმედონ,“ — აღნიშნა მან.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს(15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება. მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, პუტინს მოუწოდა, მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის უპირობო შეწყვეტა გამოაცხადოს.
ამის მიუხედავად, რუსეთი უგულებელყოფს 30-დღიანი ზავის წინადადებას.