ხერსონის მცხოვრებლები ქალაქიდან უნდა გაიყვანონ-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც სამთავრობო აქტივისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ხერსონი ახლა ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა.
„ახლა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა.
აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს კი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ახლა რუს ოკუპანტებს იძულებით გაჰყავთ ხალხი რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებული პუნქტებიდან. ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იური სობოლევსკის ცნობით, რუსები ავრცელებენ ყალბ ამბებს იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის განადგურებას აპირებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოაწყვეს საინფორმაციო ოპერაცია ხერსონიდან სავარაუდო “გაქცევის” შესახებ…
რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ფაქტს მოსახლეობის იძულებით დეპორტაციად აფასებს, რაც ომის დანაშაულია.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთს უკრაინის ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთიდან გაჰყავს ზოგიერთი სამხედრო ქვედანაყოფი, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, აპირებს თუ არა ქალაქ ხერსონის დატოვებას, ან მისთვის ბრძოლის გაგრძელებას.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები სავარაუდოდ, გადაინაცვლებენ მდინარე დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ ნაპირზე და ქალაქ ხერსონის მცხოვრებთ რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ რუსი სამხედროები განაგრძობენ მარცხენა ნაპირზე სათადარიგო პოზიციების შექმნას და თავდაცვით პოზიციებს ისევ ამზადებენ ქალაქ ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც დამატებით, მობილიზებულ ძალებსაც აგზავნიან.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებას განაგრძობენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები და საზღვაო ქვეითები. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ მათი გაყვანა იქნებოდა იმის უფრო მკაფიო მაჩვენებელი, რომ რუსეთი არ აპირებს ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლას.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, – განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ზაფხულში დაიწყო და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.