მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლება დეოკუპირებულია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის რეგიონში სამხრეთ თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც ჯამში 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – “გათავისუფლებულ სოფლებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში, რომელსაც უწყება ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
“ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან.

ბუდანოვის ინფორმაციით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.

რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.

ამასთან მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ “სახალხო ლაშქარში” გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომლებიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანების ამოქმედებას ელოდებიან, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს.

24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცებს აქვთ “შესაძლებლობა” შეუერთდნენ ქალაქ ხერსონის ტერიტორიულ თავდაცვის დანაყოფებს, თუ დარჩენას გადაწყვეტენ.რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდებდა რეგიონის მცხოვრებლებს, დაეტოვებინათ ხერსონი, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევებისა. ხერსონი რუსეთის მიერ გასულ თვეში უკრაინის ოთხიდან ერთ-ერთი ანექსირებული რეგიონია.უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან “სამთავრობო სტრუქტურებიც” და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

მსგავსი პოსტები

Back to top button