საქართველო ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოსთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს

ქართველმა სამხედროებმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220-მდე სამხედრო მოსამსახურესა და ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის ოცეულის დონის ქვედანაყოფებთან ერთად, 8 ივლისს ვაზიანის ბაზაზე ორკვირიანი ერთობლივი სამხედრო სწავლებები დაიწყეს.

Agile Spirit 2015 მოიცავს წვრთნებს სამშვიდობო და მხარდაჭერის ოპერაციებში.

საქართველოს მხრიდან წვრთნაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული.

როგორც რადიო “ჰერეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სომხეთის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები წვრთნებს „დამკვირვებლების“ სტატუსით ესწრებიან.

Agile Spirit თავდაპირველად ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები იყო და 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოში.

წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ახალი ყოველწლიური ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყეს, რომელიც მაისში გაიმართა, ხოლო Agile Spirit მრავალეროვნული სამხედრო სწავლება გახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Agile Spirit 2015 „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება“.

„უელსის სამიტზე [შარშან] მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს“, – განაცხადა სამინისტრომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button