ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ხორბლის ბაზრის განვითარების რა გეგმა აქვს მთავრობას

წისქვილკომბინატების ფუნქციონირების პრობლემასთან დაკავშირებით მთავრობაში უწყებათშორისო საბჭოა შექმნილი, რომელიც ხორბლის იმპორტიორებთან და გადამამუშავებლებთან კომუნიკაციით, გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს განმარტა როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენი პოლიტიკა ბევრ სხვა სფეროშიც და მათ შორის მეპურეობის მიმართულებითაც მიმართულია იქითკენ, რომ აქ, ადგილზე მოხდეს გადამუშავება, მეტი სიმძლავრე შეიქმნას ამ კუთხით, მეტი დივერსიფიკაცია და კონკურენცია, რაც ყოველთვის კარგია ფასების დინამიკისთვის.

გარე ბაზრებზე მთელ რიგ პროდუქციაზე ხდება ფასების ზრდა, იგივე ნავთობის, გაზის ფასები იზრდება, ასევე ხორბალი, ზეთი არის ასეთი პროდუქტები. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დივერსიფიკაციისკენ და ადგილზე საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისკენ, ყოველთვის არის ამ სირთულეების დამაბალანსებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი 17 ნოემბრიდან 69.9-დან 77.1 დოლარამდე გაიზრდება.  ქერის ექსპორტზე მოქმედი მცურავი ბაჟი 1 ტონაზე 54.8-დან 66 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 50.1 დოლარიდან 62.9 დოლარამდე გაიზრდება. ახალი საესპორტო გადასახადი კი 23 ნოემბრამდე იმოქმედებს. ხორბლის გაზრდილი ფასისა და მთავარ საიმპორტო ბაზარზე საბაჟო გადასახადების ზრდის შედეგად ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა, ხოლო ფქვილის – გაიზარდა. საქართველოსთვის რუსეთი კი ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა და რუსული ხორბლის ექსპორტის გაძვირებამ გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა.

ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება; ასეულობით ტონა ფქვილი კი დასაწყობებულია და კომპანიები მის რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ იმის გამო, რომ იმპორტირებულ რუსულ ფქვილს კონკურენციას ვეღარ უწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button