მსოფლიო

უნგრეთი დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის – ევროპარლამენტი

„უნგრეთი ვეღარ ჩაითვლება სრულფასოვან დემოკრატიულ ქვეყნად“ – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ამის შესახებ Deutche Welle  იუწყება.

ევროპარლამენტმა უნგრეთი „ელექტორალურ ავტოკრატიად“ გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის და მისი მთავრობის ქმედებები ევროპული ფასეულობების დამცირებას ემსახურება. ევროპარლამენტი ევროკომისიას მიმართავს და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

„ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ზომების არარსებობის გამო შეიქმნა ელექტორალური დემოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმი, ანუ საუბარია საკონსტიტუციო სისტემაზე, სადაც არჩევნები ტარდება, მაგრამ დემოკრატიული ფასეულობების და ნორმების მიმართ პატივისცემა არ არსებობს“ – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.

დოკუმენტს 433-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და 123-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ახლა დეპუტატები მოითხოვენ ევროკომისიისგან, რომ მან უნგრეთს შეუჩეროს ფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ასევე ევროპარლამენტი სპეციალური ფონდიდან გადასახადების შეჩერებას მოითხოვს, ვიდრე უნგრეთი ევროკავშირის და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციებს არ შეასრულებს.

ამ გადაწყვეტილებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. როგორც პეტერ სიარტომ განაცხადა, „ევროპარლამენტმა სხვა საქმეებს უნდა მიხედოს და უნგრეთის წინააღმდეგ გამოთქმული ცრუ ბრალდებები არ უნდა გაიმეოროს. მან უნგრეთის დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენებას ქვეყნის მოქალაქეთა შეურაცხყოფა უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button