რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ მოადგილედ ყოფილი გუბერნატორი აირჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ მოადგილედ ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ წარადგინა. მანამდე მან კითხვით მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიას, გეგმავდნენ თუ არა ისინი კანდიდატურის წარმოდგენას. ირაკლი გოგოხიამ თქვა, რომ ისინი საკრებულოში გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის კომისიებში, მხოლოდ თანამდებობების გარეშე.

კენჭისყრაში “ოცნებას” მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომაზე რჩებიან. სამაგიეროდ, კენჭისყრით საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირა ენმ-მ, რომელმაც 11 მარტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში, კონკრეტული პირობების შესრულებამდე.

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობდა 2021 წლის 9 თებერვლიდან, ამავე წლის 31 მაისამდე. მანამდე, 2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, 2020 წლის აგვიტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი.

მანამდე, მალხაზ თორია ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გახდა. მან გიგა ფარულავა შეცვალა ამ პოზიციაზე.

სხდომას 39 დეპუტატი ესწრება.

სხდომაზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ირკალი გოგოხიამ კითხვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ენმ-ის ულტიმატუმს დანებდნენ, თუ ენმ-მ უკან წაიღო საკუთარი მოთხოვნა. პასუხად გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მიიღებენ, თუმცა ნებისმიერი საკითხის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც პოპულიზმით არ იქნება ნაკარნახევი, არამედ მხოლოდ მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიგა ფარულავა 14 თებერვალს აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიუღია მონაწილეობა “ქართულ ოცნებას”.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button