მნიშვნელოვანისიახლეები

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება ხვალ, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე, 15 საათიდან დაიწყება:

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დაიწყება.

“საერთო სახალხო საპროტესტო მსვლელობა! 9 ნოემბერს, 15:00-ზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც დაიწყება მასობრივი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. მეტროსადგური მარჯანიშვილი! მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი! შემოგვიერთდით!”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თბილისში აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს და არ შეიძლება ითქვას, რომ აქციები არ იმართება.

მისი განმარტებით, მთავარია თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ მისი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში.

“საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს, ხვალაც არის საპროტესტო აქცია დაგეგმილი, ზეგაც არის დაგეგმილი და მანამდეც ყოველდღიურად იმართებოდა. შესაბამისად, ეს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და ვერ ვიტყვით, რომ საპროტესტო აქციები არ არის. ეს საპროტესტო აქციების დასასრული არ არის. მე ვფიქრობ, რომ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც აიძულებს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს უკან დაიხიოს. ამ ორ კომპონენტზეა მთლიანად დამოკიდებული ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს. პირველი, ეს არის ქუჩის პროტესტი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ მისი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button