ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ 3703 საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ მდებარეობს,11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩევლები ხმას მისცემენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის.
ცესკო მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ხმის მიცემის პროცედურებს განმარტავს:
ამომრჩეველს გადაეცემა ერთი ბიულეტენი
უნდა შემოხაზოთ მხოლოდ ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი
ხმის მიცემა ფარულია
საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება
28 ნოემბერს დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს სპიკერის ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია.
არჩევნების დასაკვირვებლად რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაითვლება.