მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია-ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით ერგება. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 17 იანვარს საღამოს გააფორმა და ძალაში 2029 წლამდეა.

„აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, სულ კი 50-ე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.

მართალია, 2000-2002 წლებში „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ლაშა ჯაკობიასაც აკავშირებდა, თუმცა პარიზელების ფორმით არ უთამაშია.

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში. წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის. Bienvenue à Paris“, – წერს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.

ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად ხვიჩა კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button