მნიშვნელოვანისიახლეები

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“- რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია, მესამე სექტორი, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები – ერთად, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელმეორედ დაბრუნებას აპროტესტებენ. “ევროპული მარში!”- ასე ჰქვია დღევანდელ შეკრებას. აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი, სადაო კანონპროექტის უკან გაწვევაა.

რესპუბლიკის მოედანზე, აქციის ორგანიზატორებმა, საგანგებოდ მოაწყვეს სცენა, სადაც უკვე ერთ საათზე მეტია გამომსვლელები შეკრებილებს მიმართავენ, განცხადებების შემდეგ კი დაიწყება მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.
“ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა “მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება”, – მიმართა აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, პოლიტიკოსების თქმით, პროტესტი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ.

“გეგმა არსებობს ერთი – სანამ კანონპროექტი იარსებებს, ქვეყანას ევროპული საფრთხე უდგას და თუ კანონპროექტი კანონად გადაიქცა, სანამ ეს კანონი იარსებებს, ევროპული მომავალი ამ ქვეყანას არ ექნება. რუსულ კანონთან ერთად, ამ კანონის დამაინიცირებელი ხელისუფლებაც ჩამოსაშორებელია მართვის სადავეებიდან. ეს გეგმა უკვე მესამე კვირაა ხალხის მიერ მოქმედებაშია მოყვანილი,”- აცხადებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

ამასთან, პოლიტიკოსები მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“მე მგონია, რომ ნებისმიერ ასეთ აქციაზე უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, სამშობლოს ყველა პატრიოტს მართებს აქ დგომა. ეს არის ქვეყნის გადარჩენის საკითხი, იქნება ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ვინმე სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ვიქნებით აქ,” – აცხადებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.
„აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button