მნიშვნელოვანისიახლეები

კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო კოდექსში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კიდევ ერთხელ ცვლის “საარჩევნო კოდექსის” იმ მუხლებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევას შეეხება. მმართველი პარტიის წევრის, დეპუტატ გივი მიქანაძის ნათქვამით ირკვევა, რომ ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტს არ უბრუნდება ცესკოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება.

მიქანაძის თქმით, კანდიდატების დასამტკიცებლად საჭირო იქნება 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის 2/3-ის) მხარდაჭერა. თუ ამ კენჭისყრაზე ხმები ვერ მოგროვდა, საკითხის დამტკიცებისთვის განმეორებით კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება. კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება 76-ხმიანი კვორუმით კენჭისყრის მესამედ ჩატარებაც. თუ კანდიდატებს ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევენ, უკვე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.

“ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს – საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს”, – თქვა მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის ივლისში დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არ ეთანხმებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების არჩევის პროცესის გამარტივებას. ცვლილებების შემდეგ 100 ხმის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 76 ხმით გახდა შესაძლებელი. პრეზიდენტის შეთავაზება იყო კანდიდატის 90-ხმიანი მხარდაჭერით არჩევა.

იმის გამო, რომ კანდიდატების დასამტკიცებლად 100 ხმა იყო საჭირო, მმართველი პარტია სასურველ კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრებად ვერ ამტკიცებდა – საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ 84 დეპუტატია, რაც მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ კანდიდატი 6 თვით დაინიშნოს.

ცესკო-ს დაკომპლექტებაზე ცვლილება ზაფხულში იყო შემოტანილი და ზაფხულზევე მიიღეს „ქოცებმა“, სადაც, 76-ის ნაცვლად, 73 კაცი ჰყავდათ და ვეტო ისე დაძლიეს, ამის მიუხედავად, კანონი მაინც მიღებულად ჩაითვალა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაწუხა და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, წინასაარჩევნოდ საარჩევნო კანონმდებლობა არალეგიტიმური იყოს“.

„შეცდომის აღიარების ნაცვლად, რომ ზაფხულში ლეგიტიმაციისა და კვორუმის გარეშე მიიღეს კანონი, ამის ნაცვლად, ახალი ნორმა შემოაქვთ, რითიც გადაფარავენ ვითომ მიღებულ კანონს და იტყვიან, რომ ამას ლეგიტიმაციის პრობლემა არ გააჩნია. შეცდომის აღიარების გარეშე გამოსწორების მცდელობაა. 90 ხმა გაუჭირდებათ, 76 არ გაუჭირდებათ და ვინაიდან 76 არ გაუჭირდებათ, ამიტომ ნორმა ჩაწერეს, რომ თუ 76 არ მოგროვდა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. ვინაიდან ეს ბუნებაში არ მოხდება, ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში – გზა არსაითკენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცვლილებებს არ კითხულობენ და კანონპროექტს ზედაპირულად აკრიტიკებენ.

„ეს პუნქტი ევრორეკომენდაციებში იყო. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოლივერ ვარჰეის საჯარო რეკომენდაცია იყო. სწორედ ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა ცვლილებები. ოპოზიციას ზედაპირულობა დაღუპავს. რატომ? თუ ვინმეს აინტერესებს, ნახოს, ვეტო რაზე იყო დაძლეული, შემდეგ ევრორეკომენდაცია ნახოს და მიხვდება, სად არის დამთხვევა, წინააღმდეგობა და რა არგუმენტებით ვიღებთ ცვლილებებს. პირდაპირ გვითხრეს, რომ შეიძლება, უმჯობესი იყოს, დააბრუნოთ მსგავსი მოდელი. ეს ნიშნავს, რასაც ახლა ვაკეთებთ. ცვლილებებს არ კითხულობენ ან ზედაპირულ კრიტიკას იწყებენ, რაღაც სიტყვებს ურახუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება. კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, საჭირო იქნება 90 ხმა. თუმცა, მიქანაძის თქმით, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება. გივი მიქანაძის განმარტებით, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმით მხარდაჭერაც ვერ იქნა მოპოვებული, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.

სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button