მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევის ოლქში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა

18 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი.
ასევე დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ “ცხელ წერტილში”, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც.

“ტრაგედია ბროვარიში. დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. 10:30 საათის მონაცემებით – 18 დაღუპული, მათ შორის 3 ბავშვი. ცნობილია 29 დაჭრილის შესახებ, მათ შორის 15 ბავშვია. დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარებას იღებენ. ადგილზე მუშაობს ყველა საგანგებო სამსახური” – განაცხადა კულებამ.
ვერტმფრენი, რომელშიც პოლიციის ინფორმაციით, 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა ქალაქ ბროვარის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია – საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

უკრაინული მედიის ცნობით, ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნოდა.

ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძმრა.

“დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია. ამ წუთის მონაცემებით, დაღუპულია 3 ბავშვი. ენით აუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ახლობლებს. დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ,” – თქვა ზელენსკიმ.

მან, ასევე, დასძინა, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ყველა შესაბამის უწყებას დაავალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button