მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას-პუტინი უკრაინასთან ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა.
ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს და მზად იქნება, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც კი უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან და უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე.

თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, რუსეთი “დაუყოვნებლივ” შეწყვეტს ცეცხლს, განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
“უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ დონეცკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები – აქვე, ყურადღებას ვამახვილებ, რომ: საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა.

როგორც კი კიევი განაცხადებს, რომ მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს უარს NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე – ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმ წუთშივე გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ”, – თქვა მან.

ამასთან პუტინმა სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებად დაასახელა რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საერთაშორისო აღიარება და უკრაინის ნეიტრალური და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსი. ამასთან, მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხსნან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია.
მისივე მტკიცებით, რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ უკრაინის ქვედანაყოფები უსაფრთხოდ გავლენ ჩამოთვლილი ტერიტორიებიდან.

პუტინის თქმითვე, საუბარია არა კონფლიქტის გაყინვაზე, არამედ მის საბოლოო დასრულებაზე.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი მოითხოვს უკრაინაში “რუსულად მოსაუბრეების უფლებების უზრუნველყოფას”.

პუტინის ეს ხედვა საფუძველშივე ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიან “სამშვიდობო ფორმულას”, რომელიც სხვა საკითხებს შორის მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ამ ფორმულას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევე ერთხელ გააცნობს უკრაინის სამშვიდობო სამიტს, რომელსაც შვეიცარიის კურორტი ბიურგენშტოკი 15-16 ივნისს უმასპინძლებს.
გარდა ჩამოთვლილი ოლქების რუსეტის ტერიტორიად გამოცხადებისა პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი ამერიკისა და ევროპის პოლიტიკის შედეგია – განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პუტინის თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, “დასავლელი პოლიტიკოსების ავანტიურიზმზე მეტყველებს”.

“დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა – მსოფლიო მიუახლოვდა იმ წერტილს, რომლიდანაც უკან ვერ დავბრუნდებით. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისის, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს,” – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button