კიკეთში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, კიკეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებულ გელა ნიორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ნაცვლად, 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და პატიმრობის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ მომხდარის გარემოებებზე ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, დავით ხოჯანაშვილი და გელა ნიორაძე მომხდარის დღეს, 17 სექტემბერს, ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს. მისი განმარტებით, ხოჯანაშვილს მართებდა ნიორაძის ვალი და რასთან დაკავშირებითაც მან სასაუბროდ ნიორაძე თავისთან სახლში დაიბარა. ადვოკატის განცხადებით, გელა ნიორაძე შვილთან ერთად მივიდა ხოჯანაშვილის სახლში, რომლებიც ხოჯანაშვილის ოჯახის წერებმა და მეგობრებმა სასტიკად სცემეს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნიორაძეს უკანონოდ ჰქონდა იარაღი, მაგრამ იარაღის შეძენა- შენახვა ცალკე დანაშაულია. ადვოკატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, უნდოდა თუ არა ნიორაძეს განზრახ მკვლელობის ჩადენა.
მისივე განმარტებით, კონფლიქტის დროს მანქანაში იჯდა გელა ნიორაძე, რა დროსაც არაერთხელ თქვა, რომ მას არავინ მიახლოებოდა.
„საფრთხე იყო თავდასხმის და მაშინ მოხდა გასროლა”,- აღნიშნა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
მისი თქმით, ამ მოცემულობით მომხდარი არ იყო განზრახ მკვლელობა.
ადვოკატი ასევე, განმარტავს, რომ გელა ნიორაძე არ მიმალულა და ის პოლიციას სახლში დახვდა, ასევე გათავისუფლების შემთხვევაში არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. რაც შეეხება მის ნასამართლობას, რაზეც სხდომაზე პროკურორმა გაუსვა ხაზი, ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, რომ გელა ნიორაძეს ნასამართლობა ჰქონდა მისი ცუდი წარსულის გამო, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება მოხმარების მიზნით.
შეგახსენებთ, გელა გელა ნიორაძეს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.