მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“კილომეტრნახევარზე უთრევია დაჭრილი, ერთი გადაურჩენია და მეორეს გამოყვანისას მოკლეს”

“კილომეტრნახევარზე უთრევია დაჭრილი, ერთი გადაურჩენია და მეორეს გამოყვანისას მოკლეს”- რას ყვებიან გომბორში ალუდა ზვიადაურზე.
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველს, ალუდა ზვიადაურს ახლობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ.

სოფელში ყვებიან, რომ 42 წლის მამაკაცი, განათლებული და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო.
” უაღრესად განათლებული და ქვეყანაზე შეყვარებული კაცი იყო. ეგ უკან არ დაიხევდა. დედას უმალავდა, რომ უკრაინაში იბრძოდა, ეს რომ არ შეწუხებულიყო. სოფლის სიამაყეა ეს კაცი, ნამდვილი გმირი”- ამბობენ გომბორელები.

ალუდა ზვიადაურის ბიძა ამბობს, რომ მოხალისე ქართველს, უკრაინაში ყველაზე რთულ ბრძოლებში მიუღია მონაწილეობა.
“თვითონ მოუთხოვია წინა ხაზზე ბრძოლა, რთული ოპერაცია ჩაუტარებია და ათეული ჩაუბარებიათ, მანქანა მიუციათ. ერთი დაჭრილი გადაურჩენია, კოლომეტრნახევარზე უთრევია, მეორეს გამოყვანის დროს მოკლეს.ესტონეთში იყო ლეგალურად და გადასულა უკრაინაში. სამშობლოსთვის იქ იბრძოდა, ყველა ქართველი უნდა იცავდეს თავის ქვეყანას, ასე არ არის?. სახელმწიფო სტრუქტურებმა კარგად იმუშავეს, კოორდინირებულად,საპატიო ყარაული დაუყენეს, მადლობის მეტი რა გვეთქმის”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ნუგზარ ჭინჭარაულმა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი, ალუდა ზვიადაური, მშობლიურ მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორშია გადასვენებული .

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ მამაკაცს 28 ივნისს დაკრძალავენ.

ზვიადაური უკრაინაში, ლუგანსკში მიმდინარე ბრძოლების დროს, დაჭრილის გამოყვანისას, 18 ივნისს მოკლეს. მას ტყვია ზურგში აქვს. მოხვედრილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button