მსოფლიოსიახლეები

კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის 15 აპრილს ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო. ბოლოს სახელმწიფო ტელევიზიით, კიმ ჩენ ინი 12 აპრილს გამოჩნდა. გარდა ამისა, სახელმწიფო მედიას არ უხსენებია, რომ წინა კვირას იგი რაკეტის მორიგ გაშვებას დაესწრო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულსისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას “თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის” გამო დასჭირდა.

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პირველად Daily NK-ში გავრცელდა. ანონიმური წყარო გამოცემას ეუბნებოდა, რომ 36 წლის ლიდერი გულის პრობლემებს აგვისტოდან ებრძოდა, თუმცა მთა პექტუსანზე ასვლის შემდეგ, მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შემდეგ ამერიკულ გამოცემებში გაჩნდა სათაურები იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თუმცა, სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად ავადაა. როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩრდილოეთიდან არ ყოფილა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ 36 წლის ლიდერი სერიოზულად ავადაა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიმ ჩენ ინი რამდენიმე დღით “გაქრა”. 2014 წელს კიმი 40 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რამაც არაერთი სპეკულაცია გააჩინა იმის შესახებ, რომ ის სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩამოაგდეს. თუმცა შემდგომში ის კამერების წინ ჯოხით გამოჩნდა და სახელმწიფო მედიაშიც გაჟღერდა, რომ კიმი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button