საფრანგეთი უკრაინას რუსეთთან ომში დასახმარებლად მიაწვდის AMX-10 RC-ის მსუბუქ დაჯავშნილ მანქანებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ საფრანგეთი უკრაინას რუსეთთან ომში დასახმარებლად მიაწვდის AMX-10 RC-ის მსუბუქ დაჯავშნილ მანქანებს – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ორ ლიდერს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ.
სააგენტო როიტერსის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია მანქანების რაოდენობა, ან უკრაინისთვის მათი გადაცემის თარიღი, თუმცა თქვა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება სხვა მანქანების პოტენციურად მიწოდების საკითხზეც.
საფრანგეთში წარმოებული AMX-10 გამოიყენება სამხედრო დაზვერვაში, ეს არის მაღალი მობილობის მანქანა, რომლითაც ოთხ ადამიანს შეუძლია გადაადგილება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
კალინმა არ დააკონკრეტა, რა თემებზე აპირებს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა, მაშინ ლიდერებმა მარცვლეულის კრიზისზე ისაუბრეს. ასევე 11 დეკემბერს შედგა ბოლო სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტსა და პუტინს შორის.