მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

კითხვები ყოფილ პრემიერთან-რა პასუხები გასცა გახარიამ ჟურნალისტებს

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობს. ამის შესახებ მან ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“გამოვედი ამ როლიდან და მინდა, გითხრათ, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს – თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსი ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები, რასაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა, ხან – არა”.-აღნიშნა გახარიამ.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ „ისევ დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუტებს“

“არასდროს მქონია პრობლემა, ისევე როგორც 20 ივნისთან დაკავშირებით, კითხვებზე პასუხი გამეცა!
მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ იმ ოპოზიციონერს, რომელმაც დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. მე ვიჯექი თქვენთან, ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე, არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იმ დღეს იყო იქ, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალოდ, კითხვაზეც არ გაუცია პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ ამას.

ნუ ეძებეთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ ის იქ არ არის. მარტივად გიხსნით – ეს ბრძანება არ ყოფილა – ეს ერთი, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა! გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია, ნებისმიერ ფორმატში გავცემ პასუხს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხზე გაფორმებული კონტრაქტის შესახებაც ილაპარაკა

„ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არის ძალიან ზედაპირული. მე მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ფაქტია უბრალოდ, მე ახალს კი არაფერს ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტრილება მიიღო 2019 წლის აპრილში. მაშინ მე საერთოდ შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს. ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარეს. უბრალოდ, თქვენ რომ შეადაროთ ეს კონტრაქტი სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს… თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია“, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” 29 მაისს დააფუძნა. პრემიერ-მინისტრის პოსტი კი 18 თებერვალს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button