მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომელთა შეძენასაც რუსეთი ირანისგან გეგმავს, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განთავსდება.

“ჩვენ მივიღებთ ამ რაკეტებისგან დაცვის ყველა საშუალებას. უკრაინიდან, ალბათ, ჩრდილოეთში მიიტანენ, საიდანაც შეიძლება ისე გაუშვან, რომ მთელ უკრაინას საფრთხე დაემუქროს.

ეს არის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან. მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვა გვაქვს და არა რაკეტსაწინააღმდეგო,” – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

მისი თქმით, რუსებს სურთ ირანიდან Iskander-M ტიპის რაკეტების ყიდვა, რადგან მათ სწორედ აღნიშნული რაკეტები ამოეწურათ და რეზერვის გამოყენება დაიწყეს.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.

თუმცა „სიენენის“ ცნობით, ირანი რუსეთში დაახლოებით 1 000 ერთეული იარაღის, მათ შორის „მიწა-მიწა“ ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების და დრონების გაგზავნისთვის ემზადება.

ტელეკომპანია ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ს წყარო უყვება, რომ წინა გადაზიდვის დროს ირანმა რუსეთს გაუგზავნა დაახლოებით 450 დრონი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა.
გამოცემის თქმით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას.

ანონიმური წყაროს ცნობით, ირანიდან გაგზავნილ შეიარაღებას რუსეთი წლის ბოლომდე მიიღებს.

„სიენენი“ ასევე იუწყება, რომ ირანი უკვე ნოემბერში გააგზავნის რუსეთში 200 საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დრონების ჩატანა კასპიის ზღვის გავლით ასტრახანის პორტში იგეგმება.

„სიენენის“ ინფორმაციით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი შეიარაღების ბოლო პარტია 450 უპილოტო საფრენ აპარატს მოიცავდა, რომელთა დიდი ნაწილიც რუსებმა უკრაინაში უკვე გამოიყენეს.

ცნობისთვის, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა დასავლეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინაში მათი გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.

ამავე თემაზე:

მსგავსი პოსტები

Back to top button