მნიშვნელოვანისიახლეები

კოალიცია ცვლილებისთვის განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანს

ორ დღიანი კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისვლა თავად მოუწია

კოალიცია ცვლილებისთვის განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

კოალიციას მიაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის სიცხადე და თანმიმდევრულობაა მნიშვნელოვანი.

“დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული.

აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

“ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს “ქართული ოცნების” ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას”, – ეს განცხადება კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მისი კოალიციის წევრები არ ხვდებიან არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებს არ იცავს.

“ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით – ჩვენ არ ვხვდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, რომელიც ხმამაღლა არ საუბრობს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება და აძლიერებს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ ნარატივს,” – აცხადებს ბუტიკაშვილი.

ორ დღიანი კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისვლა თავად მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, განმარტების გაკეთებაც მოუხდათ, ფიქრობენ თუ არა ისევ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი არ უნდა შემდგარიყო. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის წუხილებზე ეუთოს გენერალურ მდივანთანაც ისაუბრა. შეხვედრით კმაყოფილება მედიასთან არ დაუმალავს არც “ლელოს” ლიდერს.

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის შეცვლილი დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების ლუსტრაციაა. “ქართულ ოცნებაში” ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ უწოდეს სხვისი დავალების შემსრულებლები და მართულები.

ეუთოს გენერალურ მდივანთ შესახვედრად პირველი გიორგი გახარია მივიდა, თუმცა ცალკე. ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ კი ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

რონდელის ცენტრში ჩანიშნულ შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრები. თქვე, რომ ეუთოს გენერალურ მდივანთან არც ინდივიდუალურ და არც საერთო ფორმატში შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. კოალიცია ფერიდუნ სინირლიოღლუს განცხადებებში სიცხადეს და თანმიმდევრულობას უწუნებს.

ოპოზიციის უარიც და თანხმობაც მმართველი პარტიისთვის კარგად შემუშავებული გეგმის ნაწილია. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ბოლო დღეებმა ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა.

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გამართა. დღეს კი ის ოპოზიციის ნაწილსაც შეხვდა.
ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “გახარია საქართველოსთვის” წვერები შეხვდნენ. დიალოგზე უარი თქვა კოალიციამ “ცვლილებისთვის”.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე შეხვედრით კმაყოფილია.

“შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი. საქართველო არის ეუთოს წევრი. ეუთოს წარმომადგენლობა რეგულარულად ეწვევა რეგიონს – სომხეთს, საქართველოს… ამ შემთხვევაშიც, რამდენადაც ჩვენი 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ეს არის დიდი გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ, რეგულარული ვიზიტი იქნება,” – აცხადებს ჯაფარიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ისინი რჩებიან აზრზე, რომ “ქართული ოცნება” ამგვარ საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით, რაც ეუთოს გენერალურ მდივანსაც გაუზიარეს.

“ჩვენ, ბუნებრივია, ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებულ იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი ჩვენ ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, რადგან ამაში დასამალი არაფერი არ არის და არავის სურს, არც ბატონ სინიროღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული იყოს. მერწმუნეთ, ხელისუფლების ეს მცდელობა ნამდვილად ჩავარდა,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

3-დღიანი ვიზიტი და შეხვედრები მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან – ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში 22 აპრილს ჩამოვიდა.

ეს არის პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებიც დღემდე სადავოა, მათ შორის ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა მისიის დასკვნების საფუძველზეც.

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ – წარსულში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში – 2025 წლის მარტში მოსკოვსაც სტუმრობდა. იქ მან თქვა, რომ რუსეთთან შესაძლებელია თანამშრომლობა – მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

22 აპრილს თბილისში ჩამოსულმა სინირლიოღლუმ პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა.

ის ასევე შეხვდა მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ცესკოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებს.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button