მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე ღარიბაშვილის დამონტაჟებულ ღობეს კანცელარიასთან ხსნის

ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი

დღეს, 8 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის თავზე, ღობის დემონტაჟი დაიწყეს. დემონტაჟის ფარგლებში, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტების აღებაც იგეგმება. 2023 წლის 7 აპრილს, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოსაწყობად სამუშაოები მოულოდნელად დაიწყეს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით. ეს ტერიტორია რკინის ჯებირით გამოყვეს. ეს ყველაფერი აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ ჯებირები ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად გაჩნდა.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს გაჩნა. ჯებირები მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებისას მოიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას მათი აღმართვა ისევ დაიწყო, ახლა კი ირაკლი კობახიძის დროს კი მათი დემონტაჟი დაიწყო.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ღია სივრცეში, სადაც ერთი ხეც კი არ იყო დარგული, გავლებული იყო ღობე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს წინა ნაწილი სკვერად გადაკეთებული სივრცისგან უნდა გამოეყო. ტერიტორიის თითქმის ნახევარზე აკეთებდნენ ხელოვნურ კუნძულებს, სადაც მცენარეების დარგვა იგეგმებოდა. კუნძულებს შორის სივრცეებში დაგეგმილი იყო სკამების დადგმაც.
იმჟამად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვერ ასახელებდა სამუშაოების დასრულების თარიღს. ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი.

რკინის ჯებირი მთავრობის ადმინისტრაციასთან წლების წინაც იყო და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებით მოხსნეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის რამდენიმე გადაწყვეტილება შეცვალა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

“კობახიძის გადაწყვეტილებაა… ვეთანხმები”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე კანცელარიასთან ღარიბაშვილის მიერ დამონტაჟებული ღობის მოხსნას.

არ ინერვიულოთ. ნახეთ, ნაცების ტელევიზიები ნერვიულობენ ღობეში დახარჯულ ფულზე. გამოიყენება ეს ღობე, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ, არ ინერვიულოთ.

…ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ის და ამის აუცილებლობაა, იქ იქნება. მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, იმ შემთხვევაში, ეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს. იმიტომ რომ, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ასეთ დეტალებში ემთხვეოდეს ერთმანეთს. და არ შეიძლება ამაზე ისეთი მდაბიო სპეკულაცია, რომ როგორც კი მარჯვნივ ჰქონდა გახედილი ბრიფინგის დროს ღარიბაშვილს და მარცხნივ გამოიხედავს კობახიძე, ეს დაპირისპირებად მონათლოს. იმ ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს იყო საჭირო, და მეორე ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს საჭირო არაა. აი ასეთ დეტალებზე სპეკულაციის აგება არის ძალიან მდაბიო პიარ-კამპანია…

ამ თანხაზე უკვე გითხარით. რადგან ნერვიულობს “მთავარი” ამ თანხაზე, ამ თანხის მიზნობრიობა არსად დაიკარგება. ღობე გადაეცემა უფრო მეტად რომ სჭირდება ღობე, იმ დაწესებულებას…

რა ღობე, საქართველოში ვცხოვრობთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ევროკავშირში უნდა შევიდეთ და ღობე სად დააყენეს და მოხსნეს, იმაზე ვლაპარაკობთ. უკვე 15 წუთია, მაგას მეკითხებით. ხო მშვიდობა გაქვთ? რა ღობე… სასწაული ამბავია, ასეთი სკანდალი არ მომხდარა ქვეყანაში, ბოლო წლებია არ მახსენდება, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button