კობახიძე ივანიშვილს ,,ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და ეკონომიკური ზრდის გამო,, მადლობას უხდის
კობახიძის სიტყვა 👇

ირაკლი კობახიძე – მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკისა და სხვადასხვა დარგის განვითარება, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებიდან ეკონომიკის განვითარებამდე, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
„მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც მე დღეს მქონდა საუბარი, დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა. გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ზოგადი განათლების სფეროში.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანაში უნდა იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში.
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ, მხოლოდ თუნდაც სისტემის გადაწყობის საფუძველზე, მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში, წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას – დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება მართლაც ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში – რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში.
„განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერიაზე. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ, პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა, პერსპექტივაში, არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.
განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის კანონის გამკაცრების მომხრეა, თუმცა ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში.
„რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი მკაფიო პოზიცია. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე. ეს არის მგრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, მე ვფიქრობ, ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მახსოვს ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს და ათ წელზე უფრო ადრეც შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე ციხიდან. ასეთი მიდგომები რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ, ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე“, – განაცხადა კობახიძემ.