მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე ოპოზიციის ლიდერებზე “თავდასხმის რისკებზე” საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომების შესახებ. პრემიერმა განმარტა, ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებებზე, მხარდამჭერებს რატომ მიმართავს მინის ბარიერიდან. კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა „ევროკომისრისგან მოსმენილი მუქარა“.

„ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში – საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის რისკებზეც ლაპარაკობს.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც საფრთხის ქვეშ არიან?

„ასეთ თემებზე მუდმივად არის საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, გვაქვს წარსული გამოცდილება. გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბრები არის ოპოზიციური პარტიების შიგნით, რაზეც მრავლად მოგვდის ინფორმაცია. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია.

შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან. არამარტო, დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაშიც გამუდმებით მიმდინარეობს საუბარი შესაძლო პროვოკაციებზე და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი მარტივია. მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჯამური რეიტინგი არის დაახლოებით 25 პროცენტი. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს, რამენაირად არიონ ვითარება და ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია. პარტიებში მუდმივად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობაზე. ეს შეიძლება იყოს, მათ შორის, კრიმინალური აქტი, მათ შორის, ისეთი ტიპის აქტი, რაც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში, შეიძლება იყოს სხვა ისეთი ტიპის პროვოკაცია, რაც ვახსენე. მაგალითად, რაც მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს, მკვლელობას და ასე შემდეგ. იცით, რომ სუს-ში არის მიმდინარე გამოძიებაც თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის გეგმებთან. რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმეც, მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, პასუხისმგებელი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი შესაძლო საფრთხეების თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, იყოს ფხიზლად და „რადიკალური ოპოზიციის“ ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს.

კობახიძის განცხადების საპასუხოდ 4 სექტემბერს ბრიფინგის გამართვას გეგმავს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button