მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძემ 4 წელში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა დაგეგმა მისივე თქმით 4 წელში ქვეყანაში საშუალო ხელფასი 3 500 ლარს გადააჭარბებს

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადება გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.

ჩვენი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ ოთხ წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ოთხპროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. მართალია, ესეც არის ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი ოთხი წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და, ჩვენი პროგრამის თანახმად, ოთხი წლის თავზე საშუალო ხელფასი 3 500 ლარს გადააჭარბებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სიღარიბის შემცირებაზე.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია, სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს ოთხი წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ვითარდება მსოფლიოსა და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას. ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ ოთხ წელიწადში. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი მიზანი. უკვე დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება მიულოცა და ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, დასახული ამბიციური გეგმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილ იქნა პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე და ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური – ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, ოთხ წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის მონაცემები საქსტატის მიერ და ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებთან დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11%. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპსა და ტენდენციას და ამის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ ამ ტემპით შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და 130 მლრდ ლარამდე, მინიმუმ, გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, ოთხ წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button