მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კობახიძემ „აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება“ უწოდა ,,დიპლომატიური პასპორტების გაუქმებას,, მან ვიზისთ იმგზავრა

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ევროკავშირში დაწესებული სანქცია, რომელიც დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის ვიზის აღებას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედებულია

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ევროკავშირში დაწესებული სანქცია, რომელიც დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის ვიზის აღებას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედებულია. ეს დაადასტურა ამავე მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტებთან საუბრის დროს საკუთარი მაგალითი დაასახელა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან „აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“ მიღებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

„ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ის და მისი მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ იტალიასა და უნგრეთში. მათგან უნგრეთს გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ არ შეუერთდება ამ შეზღუდვებს.

კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან და პარტიის ლიდერებთან ერთად იტალიაში ივნისის პირველ ნახევარში იმყოფებოდა. ისინი 10 ივნისს ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ – ეს საკონსულო მილანში 2023 წლიდან ფუნქციონირებს და ჰყავს კონსული, ნატალია კორძაია.
ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დროში დაემთხვა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გახდა ცნობილი – ხელისუფლებაში მყოფი პარტია არ აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლიდან ორ კვირაში, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს მსჯელობა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, 27 იანვარს კი ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

~ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შესასვლელად ვიზის აღებაა საჭირო. შეზღუდვების ამოქმედებაზე ინფორმაცია დაადასტურეს ჯერ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეგახსენებთ, 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ შვიდი წელი ველოდით 2017 წლამდე, ვიდრე ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა, ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად, წინ წამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ონლაინგამოცემა Euroscope ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.

„შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი, რა თქმა უნდა, ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანია ან პოლონეთი“, – წერია გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაპუაშვილამდე მედიასთან ისაუბრა კობახიძემ. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად მას და მის თანაგუნდელებს ვიზის აღება დასჭირდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button