კობახიძის განცხადების შემდეგ -თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება

თბილისში და საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება.
თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარალელურად, დემონსტრანტების ნაწილი აქციას მართავდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მთავარი ოფისის წინ. ისინი მსვლელობით უერთდებიან პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.
პარალელურად, აქციები იმართება გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
მოქალაქეთა ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროებით.
აქციის მონაწილეების განცხადებით, “არალეგიტიმურმა მთავრობამ” უკვე ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე და ქვეყანა რუსულ რელსებზე გადაჰყავს.
ქუთაისში მოქალაქეები აქციას მართავენ „ქართული ოცნების“ ოფისთან. ცოტა ხნის წინ, იქ პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი, მიშა მუმლაძე დააკავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს თელავშიც. მოქალაქეები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
“ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ გაცხადებულ აღიარებას, რომ ევროკავშირი აღარ არის ჩვენი ორიენტირი და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არ გვინდა ასეთი ხელისუფლება და მათ მართულ ქვეყანაში ცხოვრება. ხედავთ პროტესტია ყველგან, და ჩვენც ჯერ დაშლას არ ვაპირებთ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“ძირს რუსული რეჟიმი” – ამ შეძახილებით მოქალაქეთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპროტესტებენ. მათი თქმით, დღეს „საქართველომ რუსეთში გაიღვიძა“.
“პირდაპირ დეკლარირებაა, რომ ევროპასთან კავშირს ვწყვეტთ, არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. კონსტიტუციას არღვევენ, რაც დაუშვებელია. ყველა ვიქნებით გარეთ და ვეტყვით არას რუსულ მთავრობას”, – აცხადებენ შეკრებილები.
ცნობისთვის, მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქცია მსვლელობას გორგილაძის ქუჩაზე აწყობენ.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ “ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები”.
“დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი, მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდნენ, რომ შეიძლება რაღაცაა დასამტკიცებელი. ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმისი, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი, ხალხის და საზოგადოების მოთხოვნაა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება”, – თქვა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, დღეს დაესვა წერილი იმ “საკონსტიტუციო გადატრიალებას”, რომელიც დაწყებულია.
“ყველას, ვისაც ჰქონდა რაღაცა ეჭვი, შეიძლება არა, შეიძლება რაღაცა სხვაა, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს გამოაცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს, საკუთარ მომავალს”.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.