კობახიძის განცხადებით საქართველოში ,,ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება,, 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი
კობახიძის სიტყვა 👇

2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი, 2024 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა მიაღწია 9 140 დოლარს, ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ოთხი წლის ამ მონაცემებით საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი პირველ ადგილზეა.
„პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2024 წელს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და წლის ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად, ჩვენი ეკონომიკა გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა, ანუ ჩვენ დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება მომავალშიც. ასევე, წლის ბოლოსთვის, პირველად, ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია და გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმად, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის.
„რა ტენდენციაც გვქონდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაშიც, 2030 წლის ჩათვლით, ანალოგიური ტემპი გვექნება შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5,2%, რაც წარმოადგინა სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
მისივე თქმით, ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, – განაცხადა პრემიერმა.
ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში – გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს – მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7%-ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.
„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.4%, მთავრობის ვალი: 36.1% – აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში – ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას,“- განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება; მეორე – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, მისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერცერთი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა.
“ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული, უხეში გარე ჩარევა, იყო ყალბი გზავნილის თავსმოხვევის მცდელობა, თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ, ეს იყო ომი და მშვიდობა. საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა პირველ რიგში ის, რომ ქვეყანას აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის მიმართულებით არსებობს სტრატეგია, რომელიც მუდმივ გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, 7%-მდე გაგვეზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი ჯამურ შემოსავლებში, ანუ საუბარია ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და მომავალ წელს ეს მიზანი შესრულდება. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, ყველა კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე საჯარო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამითაც უნდა ვიამაყოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ყველაფრისგან. რაც მეტი შესაბამისი კომპეტენცია გადავა ადგილობრივ დონეზე, ბუნებრივია, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.