მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი არ ესწრებოდნენ

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი არ ესწრებოდნენ. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერმა დეპუტამა თეონა აქუბარდიამ, რომელიც სხდომათა დარბაზში პროტესტის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა.

„ქვეყნის კონსტიტუცით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს ელჩების დემარშის გამო“, – უთხრა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

კობახიძემ პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ „დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვს მყარი საფუძველი“.

„ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ეს დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – თქვა კობახიძემ აქუბარდიას ნათქვამის საპასუხოდ.

პარლამენტში იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ასუნსიონ სანჩეს რუისი. სხდომას ასევე ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ალან პერსელი.

საქართველოს პარლამენტში პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ძირითადად ესწრებოდნენ ხოლმე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად დაძლია ვეტო „აგენტების კანონზე“, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად აღიქმება.

დღეს, 28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომის დამთავრებამდე დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.

სესია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით დაიხურა. სხდომაზე ბოიკოტის გამო არ იმყოფებოდნენ ოპოზიცინერი დეპუტატების უმრავლესობა.
დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებოდნენ როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.

საქართველოს კანონმდებლობით, სესიის დახურვის შემდეგ პარლამენტში შესაძლებელია დაინიშნოს რიგგარეშე სხდომები. საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, თუმცა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button