კობახიძის თქმით 2031 წელს ოცნება აეროპორტის ვაზიანში გადაიტანს

თბილისის ახალი აეროპორტის აშენების ვადამ გადაიწია. ვაზიანის აეროპორტი მგზავრებს 2028 წლის ნაცვლად, 2031 წლიდან მოემსახურება. ეს გაირკვა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დროს.
„მოსამზადებელი სამუშაოები არის უკვე დაწყებული. დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური მოხსენების დროს.
ახალი აეროპორტის აშენების იდეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2023 წელს გააჟღერა. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საერთაშორისო კლასის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა.
„ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი – 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტიც სრულად დავტვირთოთ“, – განაცხადა 2024 წლის აპრილში იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, აქედან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, „ტავ ურბან საქართველო“ მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით, არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. GOOGLE MAP-ის მიხედვით, თბილისის აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.
ახალი აეროპორტი, რომლის აშენებაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო ორი წელია საუბრობს, თბილისის გარეუბანში, ვაზიანში უნდა აშენდეს. იქვე მდებარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დაიწყება პარტნიორის შერჩევის პროცედურა.
„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს, დაახლოებით, 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება, ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში. შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უნიკალურია თავისი შინაარსით ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ წყალომარაგებით უზრუნველყოფის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2027 წელს წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები.
„მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 437 კილომეტრი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საავტომობილო გზების განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მათ შორის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა.
„საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა და ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კილომეტრზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, ეს იყო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები, რომლებზეც მუშაობა წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე გახსნილია 367 კმ მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს ძირითად მაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება 6,4 კმ სიგრძის სურამის შემოვლითი გზა, წლის ბოლომდე გაიხსნება რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4-კმ-იანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება ე.წ საუკუნის პროექტის განხორციელება – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედიის ხიდის მშენებლობა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 6-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება დეკემბერში, ხოლო მეორე 6-კმ-იანი მონაკვეთი – მომავალი წლის მაისში. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3-კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის ის ვადები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გადავხედეთ და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ის სათანადო ვადებში განხორციელდება.
„ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, ესენია თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთები. წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა და დასრულდება სამ წელიწადში, 2028 წელს. კახეთის მიმართულებით ასევე ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები. გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთი, ასევე ბაკურციხე-წნორის 16,5 კმ-იანი გზა. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა მაისში დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი მაქსიმალურად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყნის სხვა კუთხეებთან. ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებად, შესაბამისად, ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დასრულდება. ხულო-ზარზმის გზაზე დაგებულია საფარი 35 კილომეტრზე, გზის ძირითადი ნაწილი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მეწყრული მონაკვეთების დასრულება მომავალი წლის ივნისში არის ნავარაუდევი. რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც, დაიწყო უკვე მიწების გამოსყიდვის პროცესი, წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ლარსის გზაზე და აღნიშნა, რომ უკვე გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი ქვეშეთი-კობის გზაზე, წლის ბოლომდე ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც 25 კმ-ს მოიცავს.
„აგვისტოში დასრულდება მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, მომავალ წელს დასრულდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, მომავალი წლის ივნისში დასრულდება ფოთის ხიდის მშენებლობა და რაც შეეხება ანკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ სამუშაოებს და ეს პროექტიც სათანადო ვადებში განხორციელდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.
“რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე, დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%. ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები“, – განაცხადა პრემიერმა.