კობახიძის თქმით ივანიშვილის დასანქცირება ,,ჯილდოა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის,,
ივანიშვილის დასანქცირებას გამოეხმაურა თბილისის მერიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში "მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა".

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანშვილის დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი აქამდეც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო და, რომ ამ გადაწყვეტილებას “არანაირი დატვირთვა არ აქვს”.
ირაკლი კობახიძე ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისგან დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა და ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის.
კობახიძის განცხადებით, ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ, თუმცა ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან.
“თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ. ახლა, ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან – რაღა ეშველება ოპოზიციას არ ვიცი.
სინამდვილეშია არაფერი შეცვლილა – დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა. ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთი რამის გამო, რომ ამ ადამიანმა არ დათმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა 2022 წელს – რას ითხოვდნენ ჩვენი გუნდისგან და კონკრეტულად, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილისგან. იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ჯერ დე ფაქტო სანქციები აამოქმედეს და შემდეგ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი არსებითი დატვირთვა არ აქვს.
ეს არის ის, რასაც 3 წლის განმავლობაში გლობალური ომის პარტია აკეთებდა. რეალურად, არაფერი შეცვლილა. ახლახან ვასაუბრე ბიძინა ივანიშვილს და მისი პოზიციაც არის იგივე. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის დასანქცირებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი [არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის] ადმინისტრაციის პირობებში “მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა”.
“ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკების გახსნა, ხან სანქციები. ნუ, წარმოუდგენელია ეს…
ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] საქართველოში მოღვაწეობის დროს დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით. უამრავი პროექტი, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს…
ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება”, – თქვა კახა კალაძემ.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
“მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი”, – წერს სახაზინო დეპარტამენტი.
ამასთან, ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქისა და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის ქვეშაც ივანიშვილის სანქცირება მოექცევა, პირის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით.