კობახიძის თქმით საქართველოში სწრაფი ეკონომიური ზრდა ნარჩუნდება
პირველი 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული სამი წლის და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა როგორც ფართო რეგიონში, ასევე – ევროპაში.
“2021-2022-2023 წლები საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9,7 პროცენტი. პირველ ადგილზე ვიყავით ზრდის მაჩვენებლით ფართო რეგიონში და ასევე ევროპაში. წელსაც, პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, რომ სულ მცირე 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა. აბსოლუტურად რეალურია ეს ყველაფერი იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს. გვინდა, რომ მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გახდეს 36 000 დოლარზე მეტი, რითაც უკვე 4 წელიწადში გავასწრებთ აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, რომელსაც დღეს გახსნილი აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. მთავრობას ჰყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, მენეჯმენტი არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ 4 წელიწადში ყველა ეს ამოცანა სრულად შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, დღეს დადგმული სიმძლავრის მოცულობა 4600 მეგავატამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხობი 2 ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით ლარით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.
“მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ. თითოეული მათგანის წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად, ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.