მნიშვნელოვანისიახლეები

7 მარტს 09:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

10 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო

სასტუმრო „შოთა“-ში გაიმართა პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. მათ განიხილეს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, 7 მარტს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. ბიუროს სხდომა, რომელმაც უნდა განსაზღვროს პლენარული სესიის დღის წესრიგი 10:00 საათზე არის დაგეგმილი.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა.

ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს იმას, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ, რომ ეს საფრთხე არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატი მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს. „მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უპირველესი და ის, რომ არ შეიძლება რუსული კანონის მიღება, ჩვენ ყველას გელოდებით ხვალ, 09 :00 საათზე პარლამენტთან იმიტომ, რომ ხვალ 10:00 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთი. გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და პარლამენტის გარეთ“, – თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა იყოს ერთობა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების და ყველა ადამიანის, რომელსაც აქვს პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს არის რუსული კანონი, რუსული გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და დავრჩეთ მყარად ევროპულ მიმართულებაზე, რასაც ყველანაირად უშლის ხელს ეს კანონი. ამიტომაც საჭიროა, აქტიურობა იყოს საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის, რადგანაც ეს კანონი ეხება მათ უპირველეს ყოვლისა“, – თქვა გიორგი კლდიაშვილმა. მისი აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

შეკითხვაზე, ხვალიდან რა ნაბიჯებს გადადგამთ ერთობლივად, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია? კლდიაშვილი პასუხობს: „ხვალ დილიდან დაიწყება საპროტესტო აქცია, ისევე, როგორც იყო დღეს, რადგან არის ბიუროს სხდომა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება პერმანენტული აქციები, რომელიც იქნება მზარდი რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის კანონის ფარგლებში“.ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება.

6 მარტს, დილიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.
კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

შეგახსენებთ რომ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”.

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული “საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის”.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა – მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button