საქართველოსიახლეები

კომერციული ობიექტებისთვის თბილისში ბუნებრივი აირი ძვირდება

4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი გაძვირდება. ამის შესახებ “ყაზტრანსგაზის” განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, ერთ კუბურ მეტრზე გაზის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მოსახლეობისთვის გაზის საფასური კი დარჩება 46,139 თეთრი.

“ყაზტრანსგაზი” ფასის მატებას ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით ხსნის. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

“იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი,”-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button