მნიშვნელოვანისიახლეები

კომისიის წევრები ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კომისიის წევრები პირველ ეტაპზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, შემდეგ კი წევრობის მსურველებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის 4 კანდიდატიდან 3 პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს .
საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობა 4 კანდიდატს სურს, მათ შორისაა მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.
კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მას გრძელვადიანი ხედვები აქვს და მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, იცის თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია განვითარების ახალ ეტაპზე.
ასევე, ერთ-ერთი კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მომდევნო არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტურად ჩარევის გარეშე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის და კანდიდატების ხმა

წამყვანი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრების პროცესში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დილიდან მიმდინარეობს, არ არიან წარმოდგენილი.

როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო პროცედურები არის ორიენტირებული არა კონსენსუსზე და მაღალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სანდოობაზე, არამედ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე, ასეთ არაჯანსაღ პროცესში მათი მონაწილეობის აზრი კი ვერ დაინახეს.

მისი თქმით, კომისიის წევრი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი ოთხმა ორგანიზაციამ თქვა.

„ჩვენ წინა ჯერზე მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ამ ჯერზე აღარ ვმონაწილეობთ, რამდენიმე მიზეზის გამო. წინა წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ იმ წესით დაკომპლექტებულ კომისიაში მონაწილეობის მიღებას, როგორიც წინა წელს იყო და იგივე პრინციპით კომპლექტდებოდა, აზრი არ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობა წინასწარ შეთანხმებულად მოქმედებდა, შეთანხმებულ კანდიდატებს უჭერდნენ მხარს. ამდენად უბრალოდ აზრი არ ჰქონდა იმ კომისიაში მონაწილეობის მიღებას.

მეორე, რა თქმა უნდა, ზოგადად კომისიის დაკომპლექტების წესიც არ არის სწორი, შესარჩევი კომისია ამ წესით არ უნდა კომპლექტდებოდეს, ჩვენ ამაზე გვქონდა თავის დროზე საკანონმდებლო პროცესში შენიშვნები. დაკომპლექტების წესი რომ არ იყო გამართული და სწორი, გამოვლინდა იმითაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება როგორც იყო მიღებული წინა ჯერზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იქონია გავლენა იმ არასწორმა წესმა, რომელიც კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

შემდეგი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ პარლამენტმა შეცვალა კანონმდებლობა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესს არეგულირებს და გაამარტივა უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის საკითხი. ამ გამარტივებული წესით, რეალურად 6 თვეში ერთხელ დანიშნავს პარლამენტი და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ პროფესიულ წევრებს და არ არის ორიენტირებული კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებაზე. რა თქმა უნდა, 6 თვეში ერთხელ არჩეული წევრი ყოველთვის იქნება დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე, პოლიტიკურ ნებაზე, რომ 6 თვის გასვლის შემდგომ ის კვლავ იყოს არჩეული და დანიშნული შესაბამის თანამდებობაზე. არჩევის წესი იმდენად არის გაუბრალოებული, პირდაპირ არის ორიენტირებული იმაზე, რომ 6 თვის ვადით იყვნენ დანიშნულები, რომ, როდესაც არ არიან გარანტირებული ამ თანამდებობაზე ყოფნით და მცირე ვადით არიან დანიშნული, ისინი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე იქნებიან დამოკიდებული და შესაბამისად დაბალი ვადით მათი დანიშვნა არ იძლევა მათი დამოუკიდებლობის გარანტიას.

კომისიის ხუთი წევრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოვადგენდით, ოთხმა უარი თქვა. წინა ჯერზე კომისიის წევრები ვიყავით ჩვენ, IDFI, მანაც უარი თქვა. „სამართლიანი არჩევნებიც“ იყო და უარი თქვა, „გამჭვირვალობამაც“ უარი თქვა. „მრავალეროვანი საქართველო” იყო წინა ჯერზე კომისიის წევრი და ისინი შევიდნენ ისევ კომისიაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო კიდევ შეთავაზებები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცონ.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, გიორგი კალანდარიშვილმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა როგორც თანამდებობაზე არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნების მართვით.

დეპუტატის თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს ოპოზიცია დაუჭერს.

„პარლამენტს მოუწევს, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე გადაწყვეტილება მიიღოს. როგორი იქნება ცალკეული ოპოზიციური პარტიების პოზიცია, ამას დავაკვირდებით. მეჩვენება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი აქვს არაარგუმენტირებულ პოზიციას და ეს არის თუნდაც მათი განცხადება იმის შესახებ, რომ გიორგი კალანდარიშვილის ხელში არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის. გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა არჩეული იყოს, თუმცა ეს გარდაუვალი ნამდვილად არ არის, ამას სჭირდება განხილვის პროცესი. მას შანსები კარგი აქვს, რადგან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი როგორც არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნებით – გაწეული მართვა და ადმინისტრირება დადებით შეფასებას იმსახურებს, რაც მხედველობაში იქნება მიღებული. დიდი მოლოდინი არ მაქვს იმის თაობაზე, რომ ობიექტური მოცემულობის მიუხედავად, პარლამენტს საყოველთაო კონსენსუსის უნარი აღმოაჩნდება, რადგან საამისოდ საჭიროა, ოპოზიციის მხრიდან ობიექტური განწყობების ჩამოყალიბება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველა ის პროცესი, რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში ჩართვაზე არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზი განმარტა.

ნინო დოლიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გვერდიდან დააკვირდებიან და კანდიდატების შერჩევის შემდეგ დამატებით შეფასებებს გააკეთებენ.

„2021 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში და მაშინაც ჩვენი მიზანი იყო პოზიტიური როლი შეგვესრულებინა და ცესკოს თავმჯდომარედ აგვერჩია ისეთი ადამიანები, რომლებსაც როგორც პოლიტიკური პარტიების მხრიდან ექნებოდა მაღალი მხარდაჭერა, ასევე საზოგადოების ნდობა. თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, კომისიის მუშაობაში დარჩა ნამდვილად კითხვის ნიშნები კომისიის ზოგიერთი წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, შემდეგ საკონკურსო კომისიის შედეგად შერჩეულ იქნა და გადაცემული საქართველოს პარლამენტისთვის ზოგიერთი ისეთი კანდიდატი, რომლებსაც ჩვენ არ ვუჭერდით მხარს, როგორც თავმჯდომარეობის პოზიციაზე, ასევე პროფესიულ წევრებად. შესაბამისად, ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ ჩვენ და ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით იმედგაცრუებული და მას შემდეგ, რაც ახლა გამოცხადდა კონკურსი, ჩვენ ახლაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, მოწვევა, მაგრამ როდესაც გავიგეთ კომისიის შემადგენლობა, გადავწყვიტეთ, რომ აღარ მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ პროცესი განმეორდებოდა და ჩვენ ვერ მოვახერხებდით ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც საზოგადოების მაღალი რეიტინგით სარგებლობენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით. თუ მანამდე, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, ოთხი კენჭისყრა იყო და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი, ახლა ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ განახორციელა ცვლილებები, რომლის შემდეგაც მხოლოდ ორი კენჭისყრა გახდა საჭირო.

ჯამში ყველა ის პროცესი, ჩვენ რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა და ცხადია გვერდიდან ვაკვირდებით და მას შემდეგ, რაც შერჩეულ იქნება კანდიდატები, დამატებით შეფასებას გავაკეთებთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! – არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, – ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა  განაცხადა. თუმცა, როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ მხარს თუ არა კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button