მნიშვნელოვანისიახლეები

კომპანია „ზეგ“-ი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა დაიხურა

კომპანიამ “ზეგ“, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა ფუნქციონირება შეწყვიტა. მიზეზი, კომპანიის საბანკო ანგარიშების დახურვა გახდა.

„ზეგ“-ის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება მათმა მომსახურე ბანკმა ცალმხრივად მიიღო და ახლა ხელფასებისა და გადასახადების დაფარვის საშუალებაც კი არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, „ზეგ“ ის კომპანიაა, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ბაჩალიაშვილის სიკვდილის შემდეგ, გამოძიებამ კომპანიის ტექნიკაც დალუქა.

კომპანიის წარმომადგენლები ორგანიზაციის დახურვას, სწორედ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკავშირებენ.

„ზეგ“-ის იურისტი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებას არ მიუმართავს ბანკისთვის ანგარიშების დახურვის თაობაზე და არც ბანკისგან მიუღიათ ოფიციალური განმარტება. კომპანიამ მიმართა, როგორც სახალხო დამცველს, ისე ბიზნესს ომბუდსმენს. სახალხო დამცველისგან მიიღეს პასუხი, რომ დაინტერესდებოდნენ, თუმცა ბიზნეს ომბუდსმენი მათ არ გამოხმაურებია.

იურისტის თქმით, კომპანიაში 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ.

ცნობისთვის, “ზეგ” ის კომპანიაა, რომელშიც 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა. შსს-მ 7 აგვისტოს, კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

შპს „ზეგ“ 2015 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე ნიკოლოზ გეჯაძე იყო, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისის დილით ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვს მას ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავს და არც მეგობრები. 5 დღის ძიების შემდეგ, ბაჩალიაშვილი ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი გარდაცვალების მიზეზად, მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციას ასახელებს, ოჯახი კი თვითმკვლელობას გამორიცხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button