პრემიერმა ბრიფინგი კონსულტაციების გამო გადაწია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხვალ დაასახელებს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერის ბრიფინგის გადაწევის მიზეზად კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები სახელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მთავრობას 1 მაისს, დილის 10 საათზე წარადგენს.

მანამდე, ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს აპირებდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელების დასახელებას.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტისთვის წარსადგენად გაეზგავნება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მთავრობის ახალი შემადგენლობა კი პარლამენტს წარუდგენს თავის სამოქმედო პროგრამას.

„მე მინდა მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს მთავრობაში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ დაჩქარდეს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს, შედეგები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“.- განაცხადა 29 აპრილს ღარიბაშვილმა, როცა მთავრობის რიგით მეშვიდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა.

სპორტის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, რომელიც შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, გადადგომის მიზეზად ვითარების განმუხტვის მცდელობას ასახელებს.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არც ის არის ვინ ჩაანაცვლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს. მიმდინარე კვირას თანამდებობა ელგუჯა ხოკრიშვილმაც დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ოჯახი დაასახელა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button