მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კომპრომისული და უკომპრომისო პოლიტიკური განცხადებები

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ოპოზიციის ერთიანობის წყალობით მოხდა, ამიტომ ისინი ერთიანობას არ არღვევენ და უკლებლივ ყველა გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოუცხადებენ სრულ მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ პროცესში გარკვეული კომპონენტები იცვლება ხოლმე, ამიტომ აუცილებელია, რომ არსებული სტრატეგიით ვიმუშაოთ.

კომპრომისი არ ნიშნავს დამარცხებას, პირიქით, ეს ყველასათვის კარგია. ვფიქრობ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორებები.”- აცხადებს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

მოისმინეთ გიორგი ვაშაძის ხმა.

“გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება”. – ასე აფასებს დედაქალაქის მერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზე. თუმცა, როგორც კალაძე ამბობს, მას, როგორც პოლიტიკოსს ამ გადაწყვეტილების ესმის.

დედაქალაქის მერის თქმით, ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გამოსვლით, ოპოზიციას არ მიეცა შესაძლებლობა ხელი შეეშალა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რაც შეეხება გიორგი რურუას, როგორც კალაძე ამბობს, მას მისჯილი არ აქვს და შესაბამისად, მისი გათავისუფლება ვერ მოხდება. გარდა ამისა, კალაძე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებსა და რვა მარტის შეთანხმებაში, პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. კალაძე მხარდამჭერებს და თანაგუნდელებსაც მიმართავს.

“მე მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან. არავითარი თავდახრა. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება” და როგორი მხარდაჭერა აქვს მას ქართველი ხალხის მხრიდან”. – ამბობს კალაძე.

მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button