მნიშვნელოვანისიახლეები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილებას 3 ივლისს გამოაცხადებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილებას 3 ივლისს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის სხდომაზე დღის განმავლობაში მიმდინარე საჩივრების არსებითი განხილვა დასრულდა.

სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ქართულ ოცნებას მადლობა გადაუხადა.

“მე პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო ამ შემთხვევაში მომჩივანს, რომ შემოვიდა ეს ქეისები, რადგან პრაქტიკულად ეს ქეისები მოგვცემს საშუალებას, რომ ზუსტად სს საკითხები იქნას გარკვეული, რომელიც მაუწყებლებს აღელვებს, რომ კონკრეტულად მიდგომა რა იქნება კანონის აღსრულების თვალსაზრისით კომისიის მხრიდან და მეორეც – მაუწყებლები კარგად გაერკვევიან, რომელი დარღვევა ითვლება დარღვევად და რომელი არ”, – თქვა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო.

ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ფორმულასა და ტვ პირველს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავება.

კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”.

განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის “რეჟიმად მოხსენიებას”. საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “რეჟიმის პატიმარი,” რეჟიმის წარმომადგენელი” და ა.შ.

ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიების გამოც უჩივის.

რა შეიძლება დაემართოს ფორმულას – “ოცნების” კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები:

გაფრთხილება
კომისიამ შეიძლება გამოუცხადოს ფორმულას ოფიციალური გაფრთხილება — საჯარო ან წერილობითი.

დავალება შინაარსის გამოსასწორებლად
მაგალითად: ვალდებულება მოიხადოს ბოდიში, გააშუქოს დამატებითი პოზიციები, ან წაშალოს ზოგი შინაარსი საიტიდან/სოცქსელიდან.

ფინანსური ჯარიმა
ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც — მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი.

დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა
სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დროებითი შეზღუდვები – მაგალითად, მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება.

ლიცენზიის ჩამორთმევა
ფორმულას მიერ განმეორებითი მძიმე “დარღვევების” შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს.

შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნას შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.

„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი, დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია. ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით. მთავარია, მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა. არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ, რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.

კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა და ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.

„სხვათა შორის, „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად, შედგა სამუშაო შეხვედრა. სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button