კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჰერეთის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 16 ივლისს, 13 სათზე ჩანიშნა სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის (საქმე №3/3516-134) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.- იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდი
რომლის მიხედვითაც კომისიას სასამართლოსგან დაევალა რადიო ჰერეთის ლიცენზირების საკითხი ხელახლა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
სავარაუდოდ ამ დღესვე გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა ჰერეთი მაუწყებლობის ლიცენზიას თბილისში.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს რადიო ჰერეთის დოკუმენტაცია და ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს. სასამართლოს განჩინება მხარეებს 19ივნისს ჩაბარდა.
რადიო ჰერეთი, რომლის ინტერესებს თითქმის 2 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რადიოსადგურმა 8 წლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისში მაუწყებლობა FM 93.5 – ზე დაიწყოს.