კომუნიკაციების კომისია საზოგადოებრივ აზრს შეისწავლის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩასატარებლად ტენდერს გამოაცხადებს.- ამის შესახებ ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე.
ხელახალი კვლევის ჩატარება, ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ გამოიწვია, რის მიხედვითაც საქართველოში რადიოსიხშიირეები გათავისუფლდა, რაც ახალი რადიო სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემას გამოიწვევს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას. რადიომაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემისას კი შენარჩუნდა კონკურსის წესი. – აცხადებენ კომისიაში.
“ამავე კანონის შესაბამისად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის მიხედვითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის დროს იხელმძღავნელებს კომისია.
ტენდერის გამოცხადების თაობაზე და სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.”
ბოლოს ასეთი სახის კვლევა 2011 წელს ჩატარდა და ის კვლევითმა კომპანია “ბი-სი-ჯი”-მ განახორციელა.