ჩინეთში მაისის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო, რომელიც ხუთი დღის მანძილზე გრძელდება.
ქვეყნის შიგნით, უკვე იმოგზაურა 85 მილიონმა ადგილობრივმა ტურისტმა. აქედან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად გაზრდილიყო, თუმცა ასე არ მოხდა, რასაც ჩინეთი დადებითად აფასებს და თვლის, რომ ვირუსის პროცესი უკვე მართვადია.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 82 880 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან, 4 633 გარდაიცვალა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსი ოფიციალურად დაამარცხა. ახალ ზელანდიაში შეზღუდვების მოხსნა 28 აპრილიდან დაიწყო. ქვეყანაში ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება.
“მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს სიფრთხილის გამოჩენა. დავაკვირდებით მოვლენებს. თუ დადებითი შემთხვევები იქნება, აუცილებლად გადავალთ მეორე ფაზაზეც.” – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ოფიციალური მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1 487 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან, 20 პაციენტი გარდაიცვალა.