მნიშვნელოვანი

“კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე”

ჯანმოს კომისიების ქართველი წევრის, ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე.

ამასთან, როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” სტუმრობისას განაცხადა, ვაქცინის შექმნა ვირუსის დასრულებას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომ ეპიდემია მართვადი გახდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ 9 თვეა გასული, მეცნიერებმა კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან. ჯერ კიდევ ყველაფერი არის შესწავლის სფეროში. ალბათ, ამიტომააა, რომ არ გვაქვს წინსვლა სამკურნალო საშუალების მხრივ. ის, რაც ვიცით და ერთი დადებითი არის ის, რომ მეცნიერებმა ნახეს, რომ ამ ვირუსმა დიდი მუტაციები არ განიცადა. ანუ, ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მეტნაკლებად ვიცით ვირუსის შემადგენლობა და მეტნაკლებად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას. მას რომ მუტაციები დაეწყო, ვაქცინის შექმნაც ძალიან გართულდებოდა. ჩვენ ახალ-ახალ შტამებთან გვექნებოდა საქმე. ახლა, დაიწყო მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, შემთხვევების ზრდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ დასაწყისში ჩავიკეტეთ, მსოფლიოც და საქართველოც, როცა ჩაიკეტები და მთელი მსოფლიო ზის სახლში, ეს ნიშნავს, რომ იმუნური ფენა არის ძალიან დაბალი. როგორც კი გამოვიდა ეს ხალხი გარეთ, მოხდა გავრცელება. თავიდან მსოფლიო არ იყო მზად ამ ვირუსისთვის. ქვეყნები დარწმუნებულები იყვნენ საკუთარი ჯანდაცვის სისტემის მზაობაში. თავიდან ძალიან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ვირუსს”, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მშვენივრად იმუშავა.

“მათ ასე კარგად რომ არ ემუშავათ შეიძლება, უფრო სავალალო შედეგები გვქონოდა. ჩვენი პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ისაა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არაა ისეთ მწყობრში, როგორც ეს ევროპაშია. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან სუსტი გვაქვს. ამან გამოიწვია ის რომ ჩვენი სისტემა იძულებული იყო ნებისმიერი პაციენტი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში, რაც ასე არ უნდა ყოფილიყო. ჰოსპიტალში ხვდება მხოლოდ მძიმე შემთხვევა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ყველამ იცის, რომ ოქტომბერ-ნოემბერი არის გრიპების სეზონი, როცა იქნება გრიპების სეზონი, როცა ვირუსს აქვს მეტნაკლებად ისეთი სიმპტპომი, როგორც გრიპს, ეს დააწვება ჯანდაცვის სისტემას. ყველა ადამიანს მოუნდება წასვლა იმის გასარკვევად კორონავირუსია თუ უბრალოდ გრიპი. ეს გამოიწვევს დიდ დატვირთვას სისტემის. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების ოდენობამ მოიმატა, დადებითი არის ის, რომ მძიმე შემთხვევების ოდენობას არ მოუმატია, ისე როგორც ეს იყო თებერვალ-მარტში.

რაც შეეხება ვაქცინას, ნებისმიერი ვაქცინის შექმნას ნორმალურ პირობებში სჭირდება სამი წელი. დღეს კი ეს დაჩქარებული წესით კეთდება. დაჩქარებული წესითაც კი ეს არის მომავალი წლის მარტი. ნებისმიერ ვაქცინას აქვს ხოლმე ბევრი უკუჩვენება. მეცნიერებმა ეს თუ არ გათვალეს შეიძლება, ამან უფრო უარესი შედეგი მოგვცეს”, – განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button