მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი გრძელდება უკრაინაში – იბომბება ქალაქები და სოფლები

რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში ზნობ-ნოვგოროდის თემი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

“ორი კაცი ქუჩაში, ფოსტის მიმდებარედ დაჭრეს. რუსებმა მათ ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს… ერთი დაჭრილი შოსკას საავადმყოფოში მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა”, – წერს მედია.

ასევე, მედიის ცნობით, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი “გრადებით” დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ორი ​​დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

“რუსებმა ნიკოპოლს არტილერიით დაარტყეს. დაშავდა ორი ახალგაზრდა, 19 და 21 წლის. ერთ-ერთ დაშავებულს მკურნალობას სახლში გაუწევენ. მეორეს მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ექიმები დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ,” – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი Telegram-ზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უკრაინაში დაკავებულია ხარკოვის რაიონის სოფელი ტაბაევკა. გუშინ დასახლებული პუნქტის აღების შესახებ იტყობინებოდნენ რუსული სამხედრო არხები ტელეგრამზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს განაცხადა, რომ სოფლის აღების შესახებ ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ის, რომ მოწინააღმდეგე თავის განცხადებებში ტრაბახობს ტაბაევკის აღებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად არავითარი ტაბაევკა მტერს არ ჩაუგდია ხელთ. ამიტომ აი, ასეთი მინიმალური წინსვლა ამ ტერიტორიაზე – ესა ყველაფერი, რაც დამპყრობლებმა შეძლეს. ჩვენი მხრიდან კი მთავარია, შევინარჩუნოთ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე. თუკი არის შესაძლებლობა, დავდგეთ უკეთეს ზღვრებზე, რათა დავიკავოთ თავდაცვითი პოზიციები და შემდეგ საიერიშო მოქმედებებზე გადავიდეთ, გავაუმჯობესოთ ტაქტიკური მდგომარეობა, ეს გაკეთდება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სპიკერმა ვოლოდიმირ ფიტიომ უკრაინის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში.

ტაბაევკა პატარა დასახლებული პუნქტია, რომლის ფართობი დაახლოებით ნახევარი კვადრატული კილომეტრია. უკრაინაში ჩატარებული უკანასკნელი აღწერის მიხედვით, 2001 წელს სოფელში 34 ადამიანი ცხოვრობდა.

საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 2 ადამიანი. 28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. შედეგად, დაზიანდა საწარმოო ობიექტი.

ამავე დროს, NATO-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და, გარკვეულ ეტაპზე, უკრაინა NATO-ს სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

“გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით 8 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა.

უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის რეგიონებში ჩამოვაგდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button