კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო ბათუმის იუსტიციის სახლი კვლავ არ მუშაობს
კორონავირუსი ბათუმის იუსტიციის სახლის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, – ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა.
შედეგად, ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა კვლავ არ განაახლა.
პრევენციული ღონისძიებების გატარება იუსტიციის სახლში 7 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შენობაში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
„ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში
ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 57 ახალი შემთხვევიდან, 27-ის ინფიცირება აჭარას უკავშირდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას კაცზე 10.2-ს შეადგენს. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ეზუგბაიას თქმით, ავადობის მაჩვენებელმა 52.9 შეადგინა.
როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, დღეის მდგომარეობით კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი.
„აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.