კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისია
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 – აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1.
როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით, 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
“ასევე ჩვენთანაა 2 შესაძლო შემთხვევა, ინფიცირებულის შვილები არიან და სავარაუდოდ, მათაც დაუდასტურდებათ. პაციენტებიდან 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყვავს მძიმე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, მაგრამ ისინი არ არიან მართვით სუნთქვაზე. გვყვავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამჟამად მსუბუქი პაციენტები ნაკლებად გვყავს”, – განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.