მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 084-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 58 926-ს აღწევს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 249 ადამიანი დაიღუპა და 510 დაშავდა.

თუმცაღა პალესტინის ჯანმრთელობის დაცვის უწყების ოფიციალურ პირთა განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასსა და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 22 835-მდე გაიზარდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონში ჩავიდა დიპლომატიური მცდელობისთვის, არ გავრცელდეს ომი სხვა ქვეყნებზე და წითელ ზღვაში საზღვაო გზებზე, სადაც ირანის მოკავშირე იემენის ჰუტის მიმდევრებმა დაიფიცეს, რომ გააგრძელებენ თავდასხმებს მანამდე, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს თავის კამპანიას ღაზის სექტორში.

“ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება“, – განაცხადა ბლინკენმა, რომელიც 7 იანვარს იორდანიაში იყო. ამ რეგიონში თავისი მეოთხე ვიზიტის ფარგლებში მას დაგეგმილი ჰქონდა ჩასვლა ასევე ისრაელში, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში და ეგვიპტეში.

იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის “კატასტროფული შედეგების” შესახებ აფრთხილებს.

ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის მოხელეებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა იქნენ იძულებული, დატოვონ ღაზა.

კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მოკვლამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს პალესტინელთა დაჯგუფებასა და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს.

8 იანვარს ბლინკენი გააგრძელებს თავის მოგზაურობას რეგიონში.

ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის იერიშის შედეგად, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 240 მძევლად იქნა აყვანილი. 100-ზე მეტი მძევალი კვლავ ჰამასის ხელშია. როგორც პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები იტყობინებიან 7 იანვარს, ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორზე აქამდე 22 835 პალესტინელი ემსხვერპლა. დაახლოებით 113 პალესტინელი დაიღუპა და 250 დაიჭრა გასული 24 საათის განმავლობაში ღაზაზე ისრაელის ცალკეული თავდასხმების დროს, განაცხადა ღაზის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა აშრაფ ალ-ქიდრამ.

7 იანვარს ისრაელის საჰაერო თავდასხმამ მანქანაზე, რაფაჰის მახლობლად, ღაზის სამხრეთში, შეიწირა ორი პალესტინელი ჟურნალისტი, რომლებიც ვითარებას აშუქებდნენ, იტყობინებიან ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ჟურნალისტთა კავშირი.

საომარი მოქმედებების გამო, ღაზის სექტორის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დიდი ნაწილს გადაადგილება მოუწია, ბევრი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნანგრევებად იქცა. რეგიონში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე უკმარისობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button